Tuesday, April 10, 2018

დედაენა ქართული


დედაენა ქართული         
ესე 

   კარი ჩაკეტილია, ფანჯარაც დახურული. კარზე ვიღაც აკაკუნებს, არადა არ შეიძლება ადგომა - წიგნს ქმნის ყრმათათვის - ფერებ-ფერებით, სათუთად, ნაზად და ამ დროს... უნდა ადგეს, მაგრამ ჯერ პლედი უნდა მოიხუროს, რომ არ გაცივდეს. გაციების კი არ ეშინია, არა! ჩქარობს, რომ წიგნი დაამთავროს, ქართულად აღზარდოს მომავალში პატარა ქართველი - კავკასიის მთების შვილი...
          მოვეფეროთ ჩვენს მამულს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას - ღვთაებრივ საუნჯეს.
          და აი, უკვე მზადაა. მაგრამ რა იქნება პირველი?! აი ია! გაისმა ტკბილხმოვნად. მისი ექო და ნაზი სურნელი კი მთელს ქვეყანასა და თაობებს მოეფინა...
           მოვეფეროთ იაკობს და დედა ენას!
                                                                             
          რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას...
ალბათ, იმიტომ, რომ მტკვრისა და არაგვის ხმას თუ დავაკვირდებით ეს ფრაზები მეორდება: ,,გაუფრთხილდით ქართულ ენას!“თერგის ხმაურში უფრო მეტი აღელვება იგრძნობა-არაგვმა და მტკვარმა მრისხანება არ დაკარგეს.
მყინვარზე წარბშეკრული აჩრდილიც იმეორებს:,,მარად და ყველგან, საქართველო მე ვარ შენთანაო“ და მაშ, კიდევ ვკითხულობთ: ,,რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას?“
       ,,დედა ენის“ გადაფურცვლისას მიყვებოდა ჩემი მასწავლებელი, რომ თურმე დიდხანს დაფიქრებულს უვლი სუსტი ჯანმრთელობის ერის ბურჯს, იაკობ გოგებაშვილს, რომ პირველი ბგერები მოეძებნა ,,ი“, ,,ა“ და მას შემდეგ ქართველს დედასთან,მშობელთან გაუიგივებია. ვუფრთხილდებით დედას, ე.ი. ვურთხილდებით ქართულ ენასაც!
ხანდახან უმადური შვილებივით  ხომ არ გვავიწყდება ჩვენს წინაპრებს ხმლითა და მახვილით , რომ შეუნარჩუნებიათ კოპწია ქვეყანა თავისი მჟღერი და ლარივით გამართული ანბანით, რომელიც თავს იწონებს მსოფლიო დამწერლობაში?
         ,,დამარხულ არს ენაი ქართული“- ბრძანებს იოანე ზოსიმე. ეს სიტყვები ხომ არ წავიკითხეთ და გავჩერდით, გავიგეთ ის, რაც გვინდოდა და გვეყო? სიზარმაცემ ხომ არ დაგვრია ხელი.
       ,,არა სხვისი მისაბაძი რა მჭირს თვარა კი?
        მე მივბაძო სხვას? -მე პატრონმა ამისათანა ცის,
        მე პატრონმა ამისთანა ზღვის.
სიტყვა გინდა? მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა!“-მუხრან მაჭავარიანის ძახილსა და სიამაყესაც თუ დავუგდებთ ყურს იქნებ უფრო მეტად მივხვდეთ, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას.
         ,,არა რუსიციზმებს!-ვთქვით ქართველებმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ და ,,ჩავეხუტეთ“ ანგლიციზმებს.დღეს პატარამაც კი იცის, რომ ლამაზ სურათს დალაიქება უნდა. უნდა დააშიარო თუ გინდა, რომ ბევრმა ნახოს.ჯერ კიდევ იყიდება სემიჩკა, სტაიანჩიკი ისევ იქნევს ჯოხს, პლატიოჟკა გადასახდელია, კუხნაში კასტრულიც დგას და უფრო მეტიც- სტოლსაფარსაც ფერი არ დაუკარგავს.პოლისჯოხით მოწმენდილი  პოლი უფრო კარგად იპრიალებს ყოველწელს თუ წითელ კრასკას წაუსვამ.ბულკსაც დროჟის გემო გაკრავს ბუფეტში, ივენთზე წავლას თუ ვერ მოახერხებ დაჩექინდი მაინც, რომ მერე ყველამ გაიგოს შენი ამბავი, წერილის პასუხის ვრცლად დაბრუნება თუ გეზარება ოკ მაინც მისწერე, რომ გული არ დასწყდეს დამსინაო და და ვეღარ ხვდები შენი მშობლიური მხოლოდ ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“ და ,,წიქარაა“ თუ ,,მადაგასკარი“უნდა მოისმინო  ინგლისურ ენაზე, რომ უცხო ენა კარგად და ადვილად ისწავლო?
          ვთქვათ უარი განვითარებაზე? არა, უბრალოდ ჩვენს ლამაზ ქართულს მოვარგოთ უცხო ენიდან შემოსული სიტვები და  ,,ღმერთებისა და ხავერდების  ენის“ უკიდეგანო ლექსიკის ლაბირინთებში მოვძებნოთ, მივუსადაგოთ, რომ ისევ არ გვთხოვდნენ- ,,ილაპარაკეთ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!“
        რა გვიშლის ხელს? ალბათ, ჩვენი სიზარმაცე თუ წესრიგი? მარტო ანბანის რიგზე გაწყობა რომ ვერ გვიშველის ,ფაქტია. ენა ცალკე ორგანიზმად არ უნდა მივიჩნიოთ.ის ცოცხალია და მისი სიცოცხლიუნარიანობის გახანგრძლივებაზე   უნდა ვიზრუნოთ.
ყური მიუგდეთ გალაკტიონის სიტყვის მუსიკას-,,იქნებ სხვა ქარების შემოქროლებაზე  საუბრობდა გალაკტიონი აი, რა მზის სიზმარია, აირევი ივერიაო“ როცა გვითხრა.ან იქნებ ისევ აკაკის ,,სულიკოა“ სამად დაშლილი-ილიას დამტკიცებული-,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა  მამაპაპათაგან: ,,მამული, ენა, სარწმუნოება“.საეკლესიო ზარების რეკვას თუ ყურს მივუგდებთ იქაც ასე ხმიანდება-,, მოდის, მოდის, ქრისტე მოდის!’- ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კი ქართული ენის დაცვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება.რომ მერე აღარ შეგვახსენონ: ,,თუ დღესაც მღერის ქართულად, ფერეიდანში ქართველი, შენ აქ რა ღმერთი გიწყრება, ვინ არის შენი გამზრდელი?“ 
          დრო მოგონებებს ახუნებსო, მაგრამ არსებობს ისეთი მოგონებები, რომელთა წინაშეც დრო უძლურია. შთაბეჭდილება, ემოცია დედა ენის ხელში პირველად აღებით გამოწვეული წარუშლელად აღიბეჭდება გონებაში. ზარმაცი გიგოს, ჯიუტი ვანოს, ამპარტავანი კატოს სახის გახსენებაზე, მართლაც, რომ „ოქროსხმიანი სიმები“ ირხევა ადამიანის სულსა და გულში. ამ ტკბილ მოგონებას დედა ენის იის ნამი ასაზრდოებს და არ აძლევს გახუნების საშუალებას. ვეალერსოთ ამ დიდებულ წიგნს!

როგორ დავიწყოთ? მარტივია თუ მოვინდომებთ. კონსტიტუციაში ქართული ენა სახელმწიფო ენაა.ქაღალდზე დაწერილი უბრალო ჩანაწერად რომ არ დარჩეს ყველგან, ყველა დაწესებულებაში პატივს უნდა სცემდნენ ქართულ ენას.ტელევიზიიდან ლამაზი, დახვეწილი ქართულით გველაპარაკებოდნენ ჟურნალისტები, იმართებოდეს კონკურსები- ვიქტორინები,მაღაზიებს ამშვენებდეს ქართული დასახელების აბრები.
დროა, ყველამ იზრუნოს ქართული სიტყვების გადარჩენაზე-ის, რაც მივიწყებული და უარყოფილია, სამზეოზე გამოვიტანოთ, რომ მერე ისე არ დაგვემართოს ,,ცრემლას ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა“ სახე ჩამოგვტიროდეს ვინ დაღუპა და როდისო ერთმანეთს არ ვეკითხებოეთ. მეც, შენც, ისიც, ჩვენც, თქვენც, ისინიც-ხელი- ხელს, მხარი- მხარს-ჩვენ გავბევრდებით და მაშინ,, მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით“ ვისთვისაც ძვირფასი იქნება სიტყვა ქართული და აღარ დაგვჭირდება : ,,მოვუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!’

         მოვეფეროთ ფრაზას - დედა ენა! იმ ლექსიკურ ერთეულს, ზუსტად რომ გამოხატავს წიგნის არსს და რომელიც კულტურული ენებიდან ერთი ორს თუ მოეპოვება.
          დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ! წმინდად, სუფთად შევინახოთ ჩვენი ენა ქართული!
         მოვეფეროთ იაკობს და დედა ენას, როგორც თვითონ გვეფერება ამ წიგნით.
         კარი ღიაა, ფანჯარაც - ღია. გასხივოსნებული ბავშვები არემარეს მოეფინნენ. გავუფრთხილდეთ დედა ენას - ჭიკჭიკებენ ისინი.



 სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის
 დაბა კაზრეთის N 1 საჯარო სკოლის
 მე-10 კლასის მოსწავლე
 ნანუკა მოსეშვილი

No comments:

Post a Comment